ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი საქმიანობის 1 წელს აჯამებს – შედეგები და გეგმები

„ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი” ერთი წლისაა. წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტის ქართულმა კამპუსმა ერთი წლის შემაჯამებელი ღონისძიება და აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გამართა. შეხვედრაზე დაანონსდა აქტივობებიც, რომლებიც მიმდინარე წლის ივნისში აბიტურიენტებისთვის გაიმართება. მათ შორის იქნება სხვადასხვა კურსი, ტრენინგი და ვორქშოპი, რომლებიც აბიტურიენტებს სამომავლო პროფესიის არჩევასა და ზოგადი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში ეხმარება.

2022-2023 წელი ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსისთვის პირველი წელი საკმაოდ წარმატებული იყო. ამ პერიოდის განმავლობაში მაღალი დონის ამერიკული განათლების მიწოდების პარალელურად, სტუდენტებისთვის ჩატარდა 50-ზე მეტი აქტივობა.

„ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის” აკადემიური საბჭოს წევრის ერიკ კლიკის განცხადებით, „ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსისთვის” გასული წელი საკმაოდ შედეგიანი იყო.

„უნივერსიტეტის პირველი წელი ძალიან წარმატებული იყო. მნიშვნელოვანია, რომ ის ორმაგი აკრედიტაციის მფლობელია. ვებსტერის უნივერსიტეტი აკრედიტებულია The Higher Learning Commission-ის (HLC) მიერ. აკრედიტაცია მოიცავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, მსოფლიოს მასშტაბით ყველა კამპუსში, მათ შორის, საქართველოშიც. მეორე მხრივ კი, „ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის” საბაკალავრო პროგრამები აკრედიტებულია საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. გარდა იმისა, რომ ჩვენ მაღალი დონის ამერიკულ განათლებას ვთავაზობთ სტუდენტებს, მათ არაერთი აქტივობა შევთავაზეთ. 45-ზე მეტი ტრენინგი და მასტერკლასი ჩავატარეთ მათთვის. ამ გზით მათ კარიერულ განვითარებაში ვეხმარებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკვე გვყავს სტუდენტები 7 ქვეყნიდან. ჩვენმა სტუდენტებმა გასულ წელს მოიპოვეს 50 000 ლარის ოდენობის სტიპენდია. აღსანიშნავია, რომ იზრდება ჩვენი პარტნიორების რაოდენობაც. სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ახალ სასწავლო წელს სტუდენტების რაოდენობა სულ ცოტა გაორმაგდება,“ – განაცხადა ერიკ კლიკმა.

„ვებსტერის უნივერსიტეტი“ 1915 წელს დაარსდა და დღეს ის აერთიანებს 10 000-ზე მეტ სტუდენტს 10 ქვეყნის მასშტაბით 50 კამპუსში. უნივერსიტეტს 140-ზე მეტი ეროვნების 200 000-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. ვებსტერი, როგორც საერთაშორისო ინსტიტუცია, უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სწავლებას, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს ტრანსფორმირდნენ, როგორც გლობალური მოქალაქეები და განვითარდნენ ინდივიდუალურად.

„ვებსტერის უნივერსიტეტის“ საერთაშორისო კამპუსების გენერალური დირექტორის რაიან გუფეის განმარტებით, მათი მიზანია, იყვნენ აშშ-ში დაფუძნებული საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც აყალიბებს მკაფიო სტანდარტს გლობალური განათლებისთვის.

„კამპუსი საქართველოში ერთი წლის წინ გაიხსნა და მაშინვე მივიღეთ როგორც ლოკალური, ისე ამერიკული აკრედიტაცია. ვებსტერის უნივერსიტეტი არის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელსაც მსოფლიოს გარშემო 50 კამპუსი აქვს. ეს სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას რომ ლოკაციიდან ლოკაციაზე გადაადგილდნენ. ეს შეიძლება იყოს ავსტრია, შვეიცარია, ნიდერლანდები და ჩინეთიც კი. მოხარული ვარ, რომ სტუდენტებს საქართველოში შეუძლიათ ეს შესაძლებლობა ჰქონდეთ,“ – განაცხადა რაიან გუფეიმ.

ამ ეტაპზე „ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი“ 3 საბაკალავრო და 2 სამაგისტრო პროგრამას ახორციელებს. ესენია: საბაკალავრო საფეხური – საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის ადმინისტრირება და მასკომუნიკაცია. სამაგისტრო საფეხური – საერთაშორისო ურთიერთობები და ბიზნესის ადმინისტრირება. უნივერსიტეტის ყველა კამპუსში სასწავლო პროგრამები ანალოგიური სილაბუსებითა ხორციელდება. პროგრამებზე ასწავლიან „ვებსტერის უნივერსიტეტის“ სხვადასხვა ქვეყნის კამპუსიდან მოწვეული ლექტორები, რომლებიც თავიანთ სფეროში წარმატებული სპეციალისტები არიან. ყველა მათგანს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ფინანსების, ეკონომიკის, მარკეტინგის, პოლიტიკის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით; იკავებენ წამყვან პოზიციებს როგორც კერძო, ისე საჯარო ორგანიზაციებში და აქტიურად არიან ჩართულები კვლევით საქმიანობაში. მათ შორის არიან: დიქეი მობლი, დოქტორი ჯეიმს ჯეინი, ტონი ნასიონალი, დოქტორი იოჰან ვან როიენი, დოქტორი მანოუგ სომაკიანი, დოქტორი ტომას კლეინერი და თიმ ენდრიუსი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსზე” სხვა კამპუსების ანალოგიური სასწავლო პროგრამები ხორციელდება. თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავდება სწავლის ღირებულება. საქართველოს მოქალაქეებისთვის 2023-2024-ში აკადემიური წლის სწავლის გადასახადი 7 900$-ს შეადგენს, სამაგისტრო პროგრამაზე კი – 8 600$. მაგალითად, ანალოგიურ საბაკალავრო პროგრამებზე ნიდერლანდებში სწავლა ღირს 16 080$, ავსტრია – 22 254$, აშშ – 29 680$, შვეიცარია – 36 020$. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული საქართველოს მოქალაქე სტუდენტი სწავლის პირველ წელს მიიღებს 1000$ ოდენობის გრანტს.

„ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის” სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ერთი ან ორი სემესტრი უნივერსიტეტის ნებისმიერ კამპუსში გაატარონ დამატებითი გადასახადის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ სტუდენტები გადაიხდიან იმ თანხას, რაც საქართველოში ღირს სწავლა, თუმცა ისწავლიან შვეიცარიაში, აშშ-ში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სადაც მოინდომებენ. ეს მათ კარიერული განვითარების განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს. „ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი” თითოეულ სტუდენტს მისი მიზნებიდან გამომდინარე სასწავლო გეგმის ინდივიდუალურად შედგენაშიც ეხმარება.

„ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის” ვიცე რექტორის ემინ ჰაჯიევის განმარტებით, უნივერსიტეტი ზრუნავს, სტუდენტებისთვის მაღალი დონის განათლების მიწოდებისთვის და ამავდროულად, მაქსიმალურად ეხმარება აბიტურიენტებსაც.

„ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსში” სწავლაზე მოთხოვნა იზრდება. მომავალ წელს სტუდენტების გაორმაგებულ რაოდენობას ველოდებით. მინდა გითხრათ, რომ მეტ სტუდენტს ველოდებით არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ უცხოეთიდან. აქტიურად ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან, თურქეთთან, შუა აზიის ქვეყნებთან. მათთვის არა მხოლოდ მაღალი დონის სასწავლო პროგრამებს, არამედ მნიშვნელოვან არაფორმალურ აქტივობებსაც ვგეგმავთ. მათ შორის, იქნება ელჩის საათი, რაც გულისხმობს სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან შეხვედრას და საუბარს. ასევე ვგეგმავთ ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრებს სტუდენტებთან. პარალელურად, ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მეტი განსხვავებული თემატიკის მასტერკლასი თუ ვორქშოპი ჩავატაროთ აბიტურიენტებისთვის. ამ გზით ვცდილობთ, მათ დავანახოთ რას ნიშნავს იყო ვებსტერის უნივერსიტეტის სტუდენტი. ივნისი აბიტურიენტებისთვის დაგეგმილი აქტივობებით განსაკუთრებით დატვირთულია. მათთვის უკვე დაგეგმილია ტრენინგი, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაში დაეხმარება. ასევე ხშირად ვატარებთ კონკურსებს. ამჯერად აბიტურიენტებს ფეიქ ნიუსის თემაზე შევთავაზებთ კონკურსს. ასევე დაგეგმილია დიპლომატიურ ეტიკეტთან დაკავშირებული ტრენინგი,“ – განაცხადა ემინ ჰაჯიევმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული უნივერსიტეტის პირველი კამპუსი ამიერკავკასიაში გასულ წელს საქართველოში გაიხსნა 2-წლიანი მოლაპარაკებების შედეგად. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, „ვებსტერის უნივერსიტეტი“ ლიდერ პოზიციას იკავებს იმ უნივერსიტეტების ჩამონათვალში, რომელშიც ბევრი საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს. ის საზღვარგარეთ სწავლისთვის საუკეთესო უნივერსიტეტადაა მიჩნეული. Forbes-ის 2018 წლის სარეიტინგო სიაშიც პირველ ადგილზეა, როგორც საუკეთესო უნივერსიტეტი საზღვარგარეთ პროგრამებისთვის.