“ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსში“, რომელიც ამიერკავკასიაში ამერიკული უნივერსიტეტის პირველი კამპუსია და გასულ წელს საქართველოში 2-წლიანი მოლაპარაკებების შედეგად გაიხსნა, სწავლის მსურველების რაოდენობა გაორმაგდა. როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, მოთხოვნა და დაინტერესება მნიშვნელოვნად გაზრდილია.
ამჟამად “ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი“ 3 საბაკალავრო და 2 სამაგისტრო პროგრამას ახორციელებს. ესენია: საბაკალავრო საფეხური – საერთაშორისო ურთიერთობები, ბიზნესის ადმინისტრირება და მასკომუნიკაცია სამაგისტრო საფეხური – საერთაშორისო ურთიერთობები და ბიზნესის ადმინისტრირება.
უნივერსიტეტის ყველა კამპუსში, მათ შორის საქართველოშიც სასწავლო პროგრამები ანალოგიური სილაბუსებით ხორციელდება.
ამერიკული განათლებისა და ამერიკული დიპლომის საქართველოში მიღების შესაძლებლობა უკვე რეალურად ხელმისაწვდომი გახდა და სწორედ ამან განაპირობა “ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსში“ მოთხოვნის ზრდა.
ვებსტერის უნივერსიტეტის საერთაშორისო კამპუსების დირექტორის რაიან გუფეის განმარტებით, მათი მიზანია, იყვნენ აშშ-ში დაფუძნებული საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც აყალიბებს მკაფიო სტანდარტს გლობალური განათლებისთვის.
“კამპუსი საქართველოში ერთი წლის წინ გაიხსნა და მაშინვე მივიღეთ როგორც ლოკალური, ისე ამერიკული აკრედიტაცია. ვებსტერის უნივერსიტეტი არის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელსაც მსოფლიოს გარშემო 50 კამპუსი აქვს. ეს სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ქვეყნიდან ქვეყანაში გადაადგილდნენ. ეს შეიძლება იყოს ავსტრია, შვეიცარია, ნიდერლანდები და ჩინეთიც კი. მოხარული ვარ, რომ სტუდენტებს საქართველოში ეს შესაძლებლობა აქვთ,“ – განაცხადა რაიან გუფეიმ.
“ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის“ ვიცე რექტორის ემინ ჰაჯიევის განმარტებით, უნივერსიტეტში უკვე სწავლობენ სტუდენტები მსოფლიოს 7 ქვეყნიდან. ახალ სასწავლო წელს კი კიდევ უფრო მეტ ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტუდენტს ელოდებიან.
“ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსში“ სწავლაზე მოთხოვნა იზრდება. მომავალ წელს სტუდენტების გაორმაგებულ რაოდენობას ველოდებით. მინდა გითხრათ, რომ მეტ სტუდენტს ველოდებით არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ უცხოეთიდან. აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპის ქვეყნებთან, ასევე აზერბაიჯანთან, თურქეთთან. მათთვის არა მხოლოდ მაღალი დონის სასწავლო პროგრამებს, არამედ მნიშვნელოვან არაფორმალურ აქტივობებსაც ვგეგმავთ. მათ შორის, იქნება ელჩის საათი, რაც გულისხმობს სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან შეხვედრას და საუბარს. ასევე ვგეგმავთ ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრებს სტუდენტებთან,“ – განაცხადა ემინ ჰაჯიევმა.
“ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსში“ სხვა კამპუსების ანალოგიური სასწავლო პროგრამები ხორციელდება, თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავდება სწავლის ღირებულება. საქართველოს მოქალაქეებისთვის 2023-2024-ში აკადემიური წლის სწავლის გადასახადი 7 900$-ს შეადგენს, სამაგისტრო პროგრამაზე კი – 8 600$. მაგალითად, ანალოგიურ საბაკალავრო პროგრამებზე ნიდერლანდებში სწავლა ღირს 16 080$, ავსტრია – 22 254$, აშშ – 29 680$, შვეიცარია – 36 020$. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული საქართველოს მოქალაქე სტუდენტი სწავლის პირველ წელს მიიღებს 1000$ ოდენობის გრანტს.
“ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის“ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ერთი ან ორი სემესტრი უნივერსიტეტის ნებისმიერ კამპუსში გაატარონ დამატებითი გადასახადის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ სტუდენტები გადაიხდიან იმ თანხას, რაც საქართველოში ღირს სწავლა, თუმცა ისწავლიან შვეიცარიაში, აშშ-ში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სადაც მოინდომებენ. ეს მათ კარიერული განვითარების განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს. “ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი“ თითოეულ სტუდენტს მისი მიზნებიდან გამომდინარე სასწავლო გეგმის ინდივიდუალურად შედგენაშიც ეხმარება.