Webster University Georgia-ს ახალი რექტორი ჰყავს. ჟან პოლ ვან მარისინგი 1 აგვისტოდან ოფიციალურად შეუდგება საქმიანობას.
ჟან პოლ ვან მარისინგი გახლავთ ლეიდენის უნივერსიტეტის დოქტორი, რომელსაც ხარისხი ევროპული სამართლის მიმართულებით აქვს მიღებული. პარალელურად, 2010 წლიდან ის არის Webster University Leiden-ის რექტორიც.
მისტერ მარისინგს აქვს ლიდერობისა და მართვის მრავალწლიანი გამოცდილება კერძო და საჯარო სექტორში ევროპის სხვადასხვა ქვეყანასა და აშშ-ში. მან საქმიანობა ბიზნეს კონსულტანტად დაიწყო. სხვადასხვა დროს, გახლდათ European Commission-ის Euro Info Centre-ის ბიზნეს კონსულტანტი, ჰოლანდიური წამყვანი სამშენებლო კომპანიის CVK Kalkzandsteen-ის მმართველი საბჭოს პრეზიდენტი, წამყვანი ამერიკული იურიდიული ფირმების Baker & McKenzie-ისა და Howrey-ის პარტნიორი და წამყვანი იურისტი.
მოგვიანებით, ჟან პოლ ვან მარისინგმა საგანმანათლებლო სექტორში გადაინაცვლა და დღემდე წარმატებით აგრძელებს საქმიანობას ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. ვებსტერის სხვადასხვა კამპუსში საქმიანობის პარალელურად, ის გახლავთ პროფესორი Nyenrode Business Universiteit-ში (ნიდერლანდები).
ჟან პოლ ვან მარისინგს გამოცემული აქვს 10 წიგნი და 50-ზე მეტი სტატია ევროკავშირთან დაკავშირებულ საინტერესო და აქტუალურ თემებზე. ის მიმდინარე თემებთან დაკავშირებით ხშირად გახლავთ სატელევიზიო თუ რადიო გადაცემების სტუმარი.